English / ქართული / русский /
ლალი ხარბედიამზისადარ ბჟალავა
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის რესურსული პოტენციალის გამოყენების პრობლემები რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით

ანოტაცია. გლობალური ეკონომიკური პროცესების განვითარებაში გეოპოლიტიკური ფაქტორის როლი ისე დიდი არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს, ამიტომ იგი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ეკონომიკური პროცესების უბრალო განყენებულ დადასტურებად, არამედ აქტიურ სტრატეგიად, რომელსაც სახელმწიფოები იყენებენ გლობალური მასშტაბით მოქმედების სახელმძღვანელოდაც.

რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, რაც გეპოლიტიკური ამბიციების მქონე რუსეთისა და დასავლეთის რადიკალური დაპირისპირებით გამოიხატა, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ აქტუალური გახადა საკითხი გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში საკუთარი როლისა და ფუნქციის შესახებ, რასაც არსებითად მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა განაპირობებს.

ნაშრომის მიზანია ეკონომიკურ განვითარებაზე გეოპოლიტიკური ფაქტორის ზემოქმედების ასპექტების ანალიზი შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს გეოპლიტიკური მდებარეობის რესურსული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად იზრდება.

საკვანძო სიტყვები: გეოპლიტიკა, გეოსტრატეგია, გლობალური ეკონომიკა, გეოპოლიტიკური მდებარეობა.

შესავალი

2022 წლის 24 თებერვალი არის თარიღი, რომელმაც შეცვალა არ მხოლოდ უკრაინის აწმყო და განვითარების მომავალი, არამედ საფუძვლად დაედო ძირეულ ცვლილებებს გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ცივილიზაციათა შეპირისპირება დღეს გეპოლიტიკური ამბიციების მქონე რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობათა რადიკალურად შეცვლით გამოიხატა. “თავშეკავების” პოლიტიკამ, რომელიც დასავლეთმა აირჩია 2008 წელს რუსეთ-საქართველოს და 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დროს (რის შედგადაც ორივე ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი), რუსეთს გარკვეულწილად გაუმძაფრა გეპოლიტიკური ამბიციები და “დაკარგული” გავლენის სფეროების აღდგენის სურვილი. როგორც დარგის მკვლევრები აღნიშნავენ, “რუსეთ-უკრაინის” ომის მნიშვლელობა სამყაროსათვის სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას უარყოფს, თამაშის გადაწერას და ისეთი სამყაროს აღდგენას ცდილობს, სადაც მცირე სახელმწიფოები პირდაპირ მოსკოვის ზეგავლენას დაექვემდებარებიან.

შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ აქტუალური გახადა საკითხი გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში საკუთარი როლისა და ფუნქციის შესახებ, რასაც არსებითად მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა განაპირობებს.

გეოპოლიტიკური მდებარეობა გულისხმობს არა მხოლოდ გეოგრაფიულ გარემოს, ლანდშაფტს და ბუნებრივ რესურსებს, არამედ კომპონენტთა ოთხ ძირითად ჯგუფს, რომლებიც ქმნიან გეოპოლიტიკურ მთლიანობას, კერძოდ, საკუთრივ გეოგრაფიულ მდებარეობას, პოლიტიკური წყობასა და ორიენტაციას, სოციალურ-ეკონომიკურ პარამეტრებს და ეროვნულ კულტურას, მენტალიტეტს. ამ ფაქტორებიდან განმსაზღვრელ როლს ასრულებს გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ისტორიულად ერგო ამა თუ იმ ქვეყანას და დანარჩენი სხვა პარამეტრებისაგან განსხვავებით, შედარებით უცვლელი ეკონომიკური და პოლიტიკური მემკვიდრეობის საფუძველია. გეოგრაფიული ფაქტორი იმ არეალის მომხაზველია, სადაც ერის ისტორიამ უნდა ჩაიაროს. ერის ისტორიის მსვლელობაში ეს არეალი ხშირად იცვლება, მაგრამ ერის განსახლების თუ სახელმწიფოს საზღვრები ასე თუ ისე მოხაზულია ბუნებრივი სამანებით. სწორედ ეს ბუნებრივი სამანები განსაზღვრავდა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას საუკუნეთა განმავლობაში. ივ. ჯავახიშვილი ნაშრომში “საქართველოს საზღვრები” ყურადღებას ამახვილებს მათ მნიშვნელობაზე და წერს: “თითქოს თვით ბუნებას შეუქმნია ქართველი ერისათვის ბუმბერაზი დარაჯი კავკასიონის მთავარი უღელტეხილი ჩრდილოეთით და მაღალი მთების ზღუდე სამხრეთით, დასავლეთით კი მის ტერიტორიას – შავი ზღვის, ხოლო აღმოსავლეთით მდინარეების ზოლი აქვს შემოვლებული. ამ მხრივ საქართველო ერთს საუცხოვოდ გარემოზღუდულს ქვეყანას წარმოადგენს. სხვათა შორის ამ პირობების წყალობითაც შესძლო ქართველმა ერმა თავის ხანგრძლივი ისტორიული არსებობის დროს მრავალი, ხშირად თავისზე გაცილებით უფრო ძლიერი მტრების მოგერიება და თავის ეროვნების დაცვა” [ჯავახიშვილი ივ., 1919, გვ. 5]. სხვა პირობებს შორის მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის თუ მთლიანად კავკასიის მიმართ სხვადასხვა ზრახვა ამოძრავებდა. ისტორიულად კი, როგორც ქართველი ისტორიკოსი პ. სურგულაძე აღნიშნავს: “ჩვენ ბედზე ჩვენ გარშემო ისეთი ხალხები ბინადრობდნენ ან ჩვენკენ გზა ისეთ ხალხებს ჰქონდათ, რომლებსაც სწორედ ომიანობისა და რბევის ხელობა ძალზედ იზიდავდა” [სურგულაძე პ., 1989, გვ.125].
აქედან გამომდინარე, პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდები ყველაზე ხშირი იყო საქართველოს ისტორიაში, მათი მიზეზი კი გეოპოლიტიკური მდებარეობით განპირობებული ბედისწერა იყო. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონს, რომელიც გამოირჩევა მძიმე ისტორიული მემკვიდრეობით, რაც, პოლიტიკოსთა აზრით, ისტორიული თავისებურება, კავკასიური სპეციფიკაა. ეს რეგიონი, როგორც პლანეტის ერთ-ერთი “გემრიელი ლუკმა”, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის მძევლად იქცა. “აღმოსავლეთ-დასავლეთ-ჩრდილოეთ-სამხრეთის გზების გასაყარი, სავაჭრო და, რაც მთავარია, ძალისმიერი ინტერესების გზაჯვარედინი, სტრატეგიული დასაყრდენი გარემომცველ ძლიერ სახელმწიფოთა დაუსრულებელ და არცთუ მშვიდობიან ქიშპში; აი, სად არის ჩადებული დათრგუნვისა და შესაბამისად წინააღმდეგობის ზამბარა ყველა თანამდევი ისტორიული შედეგით” [კაციტაძე კ., 2001, გვ 163] – ასე ხსნიან პოლიტიკოსები კავკასიურ სპეციფიკას.

მართლაც, მრავალსაუკოვანი ისტორიის განმავლობაში ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები, და მათ შორის საქართველო, თავიანთ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას ნებაყოფლობით იშვიათად განსაზღვრავდნენ. ეს ხშირად გარემოებათა კარნახით ხდებოდა, რადგანაც ისტორიულ და გეოგრაფიულ ხვედრს დიდ სახელმწიფოებთან მეზობლობა ქმნიდა. როგორც ცნობილია, მძლავრი სახელმწიფო ყველაფერს ჩრდილავს თავის გარშემო, ყველაზე ნაცნობი ფორმა ამ ჩრდილისა არის გავლენის სფერო. გავლენის სფეროს კი რეგიონში ხშირად ეცილებოდნენ მეზობელი დიდი სახელმწიფოები, რაც არსებითად ზღუდავდა პატარა სახელმწიფოთა დამოუკიდებლობას და პოზიციებს საერთაშორისო არენაზე. XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე არჩევანი მაინც გაკეთდა... საქართველოს რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში ყოფნის პერიოდი ორ საუკუნეზე მეტს მოიცავს. მართალია, დროის ამ მონაკვეთში საქართველომ შეინარჩუნა ენა, კულტურა, სარწმუნოება, მაგრამ დაკარგა სახელმწიფოებრიობა. ამ სივრცეში ყოფნისას ის, როგორც სახელმწიფო და პოლიტიკური ერთეული, იზოლირებული იყო დანარჩენი მსოფლიოსაგან.

გასული საუკუნის 90-იან წლებში მსოფლიოში დაიწყო ღრმა გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომლის მთავარი შედეგი საერთაშორისო ურთიერთობათა ბიპოლარული სტრუქტურის დასასრული იყო. იგი გახდა საფუძველი ახალი სუვერენული სახელმწიფოების აღმოცენებისა აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოურ სივრცეში. სწორედ ეს გეოპოლიტიკური ცვლილებები დაედო საფუძვლად როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებას 1991 წელს. მაგრამ კვლავ სხვა სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური თუ გეოსტრატეგიული ინტერესების შეჯახება გახდა პოლიტიკური არასტაბილურობის მიზეზი რეგიონში. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველო აღმოჩნდა: ტერიტორიული კონფლიქტები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომი და ყირიმის ანექსია, დაბოლოს ამჟამად მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ამის დადასტურებას წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა წარმოგვიდგა მნიშვნელოვან რესურსულ პოტენციალად, რაც გამოიხატა ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის როლით. დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი, ლანდშაფტი არის ტრანსმოდალური საკომუნიკაციო ქსელის განვითარების საფუძველი [ხარბედია ლ., 2002., გვ. 45].

მიწისზედა, საზღვაო და საჰაერო მაგისტრალები საქართველოზე გავლით საკმაოდ მოსახერხებელი მარშრუტებია ევროპისა და აზიის ურთიერთკავშირისათვის. ტრანზიტის მხრივ, სტაბილურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილება საკმაოდ კარგი ურთიერთობა ახლო მეზობლებთან, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ასევე აქტიური თანამშრომლობა შავი ზღვის თანამეგობრობისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებით.

აქედან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და სტრატეგიული ფუნქციის მოპოვება უკავშირდება მის გეოპოლიტიკურ მდებარეობას, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იყო დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის. აქ საუბარი ეხება არა მხოლოდ სავაჭრო გზებს, არამედ ევროპულ და აზიურ კულტურათა დაახლოებას, რასაც დიდი აბრეშუმის გზის ფუნქციონირება უწყობდა ხელს.

ცნობილია, რომ კატაკლიზმებისა და გარემოებათა უკუღმართობის გამო დიდმა აბრეშუმის გზამ ასწლეულობით შეწყვიტა არსებობა, რაც პოლიტიკური არასტაბილურობის საფუძველი გახდა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი კავკასიის რეგიონისათვის. აბრეშუმის გზის საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქციის თანდათანობით დაკნინება განპირობებული იყო ოსმალეთის, რუსეთის იმპერიისა და ირანის განუწყვეტელი დაპირისპირებებით ერთმანეთთან და ევროპის სახელმწიფოებთან. XV-XVII საუკუნეების დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ევროპელებს სხვა ინტერესები და საზრუნავი გაუჩნდათ, აბრეშუმის დიდი გზა კი საბოლოოდ დავიწყებას მიეცა. ასეთ პირობებში საქართველო სრულიად მოსწყდა ევროპულ სამყაროს და სამ დიდ იმპერიას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების ასპარეზად იქცა, რამაც განსაზღვრა მისი ბედი და ის XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე რუსეთისათვის დაქვემდებარებულ პოლიტიკურ ერთეულად იქცა.

რადგანაც დიდი იყო რუსეთის ინტერესი კასპიის (ბაქოს) ნავთობისა და შავ ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად, საქართველოში დაიწყო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება ამ მიმართულებით. XIX საუკუნის 50-იან წლებში პირველად დადგა საკითხი მდინარე რიონის დელტაში ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობის თაობაზე – 1858 წელს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა და დაიწყო ნავსადგურის მშენებლობა. 1901 წელს ნ. ნიკოლაძის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით დაიწყო ნავსადგურის გარე შემომზღუდავი ნაგებობის ძირეული რეკონსტრუქცია, მოეწყო ახალი ჩრდილოეთის შესასვლელი, რომელიც გაიხსნა 1905 წელს. ფოთის ნავსადგურმა სავაჭრო მნიშვნელობა შეიძინა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1918-1921 წლებში ამიერკავკასიის სახელმწიფოებმა და მათ შორის საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად დაიწყეს ზრუნვა საერთაშორისო ფუნქციის აღდგენაზე. ამისათვის გარკვეული პირობები შეიქმნა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა თავის პროტექტორატში დროებით მოაქცია ბაქოს ნავთობი, ხოლო გერმანიამ – ბათუმის პორტი და საქართველოს სატრანზიტო მაგისტრალი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთის დაინტერესება ამ რეგიონით საკმაოდ დიდი იყო. მაგრამ საერთაშორისო ფუნქციის მოპოვება ამ ქვეყნებმა ვერ შეძლეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი კვლავ ოკუპირებული აღმოჩნდნენ დიდი სახელმწიფოს მიერ – გახდნენ სსრკ-ის შემადგენელი ნაწილი და 70 წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყვნენ მსოფლიო მეურნეობის განვითარების მაგისტრალური ხაზს.

როგორც ვხედავთ, ისტორიულად აღნიშნული რეგიონი ყოველთვის წარმოადგენდა სატრანზიტო ხიდს ევროპასა და აზიას შორის. გარკვეული ისტორიული რეალობები, განუწყვეტელი ომები, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება იწვევდა მისი ეკონომიკური ფუნქციის დაკნინებას, მაგრამ კავკასია მუდამ ინარჩუნებდა თავის პოლიტიკურ-ეკონომიკურ პოტენციალს მთვლემარე ენერგიის სახით. ამ ქვეყნის რეგიონები მუდამ მოელოდნენ თავიანთ საერთაშორისო, სტრატეგიული ფუნქციის დაბრუნებას და ეს დროც დადგა. თითქმის სამი საუკუნის შემდეგ, XX საუკუნის მიწურულს, როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს კვლავ მოაგონდა დიდი აბრეშუმის გზა, რომელიც ორ ცივილიზაციას, მათ ფასეულობებსა და ეკონომიკურ ინტერესებს საუკუნეთა განმავლობაში აკავშირებდა. აბრეშუმის დიდი გზის აღდგენის იდეა აისახა საუკუნის პროექტებში.

მსოფლიო მეურნეობაში პოსტსაბჭოური ქვეყნების ინტეგრირების ერთ-ერთ მიმართულებად ევროგაერთიანებამ სწორედ ევრაზიული კონტინენტური სატრანსპორტო დერეფნის ფორმირება მოიაზრა. ჯერ კიდევ 1991 წელს ევროგაერთიანების ინიციატივით შემუშავდა TACIS-ის (Technical Assistance to the Commonwealth of Independent States) პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ტექნიკურ დახმარებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სატრანსპორტო მაგისტრალების რეკონსტრუქციისა და ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, ხოლო 1993 წლის მაისში ბრიუსელის კონფერენციაზე საფუძველი ჩაეყარა TRACECA-ს (Transport Corridor Europe Caucasus Asia), რომლის შესახებაც დეკლარაციას ხელი მოაწერეს ევროგაერთიანების წევრ-ქვეყნების, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, სომხეთის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებმა. მოგვიანებით მას შეუერთდა უკრაინა, მოლდოვა და მონღოლეთი. პროექტის უმთავრესი მიზანია სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობის განვითარება ხმელთაშუა ზღვა–შავი ზღვა–კასპიის ზღვის რეგიონებს შორის და ერთიან გეოეკონომიკურ სივრცედ მათი ფორმირება.

TRACECA-ს უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია კავკასიის სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც მოცემული დერეფნის საკვანძო მონაკვეთია. იგი უდიდესი ეკონომიკური ფუნქციის მატარებელი რეგიონია და წარმოადგენს სატრანზიტო ხიდს ევროპასა და აზიას შორის როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით, ხოლო კავკასიის სატრანზიტო ხიდის კარიბჭე სწორედ საქართველოა, რომელსაც უშუალო გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე. ასეთ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფოთისა და ბათუმის პორტები, რომელთა გამტარუნარიანობასა და საქონელბრუნვის სიდიდეზეა დამოკიდებული ევროპასა დ ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდა და შემდგომი გაფართოება-განვითარება.
მთავარი შედეგი პროექტისა ის არის, რომ კავკასიის ქვეყნები უფრო მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის და ამ სფეროში დღემდე განხორციელებულმა ინვესტიციებმა თავის მხრივ ხელი შეუწყო ეკონომიკის უმთავრეს სფეროთა საქმიანი აქტივობის ამაღლებას, რაც ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარების დონეზე აისახა.

მიმდინარე საუკუნის დასაწყისში შესაძლებელი გახდა გეოპოლიტიკური მდებარეობის შემობრუნება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. საქართველო გლობალურ სტრატეგიულ ინტერესთა სფეროში მოექცა, რამაც მას საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია შესძინა. ეს ფუნქცია „საუკუნის პროექტებში“ მონაწილეობას უკავშირდება, რაც რეალურს ხდის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და მონაწილეობას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კონტინენტურ სატრანსპორტო დერეფნის პროექტში. პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს დაახლოებას და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის კომპლექსურად ამოქმედებას, რაც ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კავკასიის ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის ამოქმედებასაც. დღეს, როდესაც ტრანსპორტი და კომუნიკაციები აღიარებულია პრიორიტეტულ დარგებად, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფორმირებისას უნდა გავითვალისწინოთ ის პერსპექტივები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია რამდენიმე მიმართულების სატრანსპორტო დერეფნთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, კი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფანის აქტიურ სუბიექტად საქართველოს ჩამოყალიბება.

დასკვნა

თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო ყოველთვის იყო ორი კულტურის, ორი ცივილიზაციის – ევროპულისა და აზიურის – შეხვედრის ადგილი და სწორედ ეს განსაზღვრავდა და განსაზღვრავს ამჟამადაც მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ხასიათსა და თავისებურებებს. აღსანიშნავია, რომ საუკუნეთა განმავლობაში საქართველოსა და სრულიად კავკასიის რეგიონის პოლიტიკური არასტაბილურობა მათი გეოპოლიტიკური მდებარეობით იყო განპირობებული. მხოლოდ XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე გახდა შესაძლებელი გეოპოლიტიკური მდებარეობის შემობრუნება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. საქართველო გლობალურ სტრატეგიულ ინტერესთა სფეროში მოექცა, რამაც მას საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია შესძინა. ეს ფუნქცია „საუკუნის პროექტებში“ მონაწილეობას უკავშირდება. „TRACECA“-სა da „INOGATE“-ის პროექტებში მონაწილეობა მისი მსოფლიო მეურნეობაში ინტეგრირების საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა. თანამედროვე მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო მეტად იზრდება კასპიის ენერგორესურსების მნიშვნელობა დასავლეთის ქვეყნებისთვის, შესაბამისად საქართველო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კონტინენტური სატრანსპორტო დერეფნის ძირითადი რგოლი და მნიშვნელოვანი მოთამაშე ხდება, საქართველოს გეოპლიტიკური მდებარეობის რესურსული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები იზრდება.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბჟეზინსკი ზ., დიდი საჭადრაკო დაფა, გამომცემლობა არტანუჯი, თბილისი, 2014, 334 გვ.

2. კაციტაძე კ., გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია ევროპაში, თბ., მერიდიანი , 2001, 163 გვ.
3. მაცაბერიძე მ., საქართველოს პოლიტიკური სისტემა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019. 468 გვ.
4. სურგულაძე პ, დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა, ისტორიული რარიტატები, კრებული, რედაქტორი ა . ბაქრაძე, თბილისი, 1989, “ბბნ”, 160 გვ.
5. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს საზღვრები (ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული), სახელმწიფო სტამბა, ტფ., 1919, 54 გვ. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/277929/1/Saqartvelos_Sazgvrebi_1919.pdf 
6. ხარბედია ლ., საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა მსოფლიო მეურნეობაში მისი ინტეგრირების საფუძველია, ჟურნ. „სოციალური ეკონომიკა“, #1, 2002., გვ. 42-51.
7. ხარბედია ლ., გლობალური ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გეოპოლიტიკური მიდგომები. http://ejournals. atsu.ge/BLSS2017/eJournal/Alphabet/4334.html

8. ჯიბუტი მ., მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრირების უახლესი ისტორია და პერსპექტივები, ეკონომიკის აქტუალური საკითხები (სამეცნიერო ნაშრომთა კრებული), სარედ. კოლეგია: ლ. ყორღანაშვილი და სხვ., თსუ-ის გამომცემლოობა, თბ., 2001;
9. https://www.geocase.ge/ka/publications/764/makroni-da-geopolitika